საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
შესავალი
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. ქვეყანაში მაღალია არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი, სამუშაო ძალის დაბერება და ახალი კვალიფიციური კადრების საჭიროება.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პოლიტიკის პროგრამა შემუშავებულია „ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამუშაო ძალისთვის WHO-ASPHER“-ის კომპეტენციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაშია საქართველოს სტრატეგიასთან „GEORGIA PUBLIC HEALTH WORKFORCE STRATEGY“.
საბოლოო ჯამში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება მოითხოვს როგორც კვალიფიციური კადრების მომზადებას, ასევე არსებული სამუშაო ძალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ახალი მიდგომების დანერგვას.
პროგრამის მიმოხილვა
პროგრამის მისია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ისეთი პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც გახდებიან ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და რეფორმების ლიდერები.
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულების ისეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რომლებიც ფლობენ ცოდნასა და უნარებს, რათა იქცნენ ცვლილებების წარმმართველ ძალად ადგილობრივ და გლობალურ ჯანდაცვის სისტემებში. სტუდენტები შეისწავლიან ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, სადაზღვევო სისტემებს, პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მექანიზმებს.
პროგრამა ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მნიშვნელობას. სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და გამოყენების მეთოდებს.
პროგრამა ასწავლის, თუ რა ახდენს გავლენას მოსახლეობის ქცევაზე, რას წარმოადგენს ჯანდაცვის სოციალური და კულტურული დეტერმინანტები და სტუდენტს განუვითარებს ადვოკატირების უნარებს.
პროგრამა აქტუალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლსა და პრევენციას, ეროვნული და გლობალური ეპიდემიოლოგიური საფრთხეების მართვის მეთოდებს.
პროგრამის აღწერა
პროგრამის სტრუქტურა აწყობილია ისე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ძირითადი კომპეტენცია მიწოდებული იყოს თემატურად გაერთიანებულ ბლოკებში; თითოეული ბლოკი აერთიანებს სასწავლო კურსებს, რომლებიც განაწილებულია სემესტრების მიხედვით.
სწავლის შედეგები
ცოდნა / გაცნობიერება
კურსდამთავრებული იცნობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების, რეგულაციების, მართვისა და შეფასების საფუძვლებს; აცნობიერებს ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, დაზღვევას, საკანონმდებლო ჩარჩოს.
ავლენს ცოდნას ეპიდემიოლოგიაში, ბიოსტატისტიკაში, ხარისხობრივსა და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებში.
იცნობს გარემოს ჯანმრთელობის პრინციპებსა და მათ როლს პანდემიის, კლიმატის ცვლილების და გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეების რისკების შერბილებაში.
იცნობს მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობისა და მდგრადობის ოპტიმიზაციისთვის.
აფასებს და აანალიზებს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ჯანმრთელობის დეტერმინანტებს.
უნარები
იყენებს ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმდებლობასა და რეგულაციებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებასა და პოლიტიკის განხორციელებაში.
ატარებს სამეცნიერო კვლევას, იყენებს შესაბამის სტატისტიკურ რაოდენობრივ და/ან ხარისხობრივ მეთოდებს.
მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისების რისკების მართვის დაგეგმვაში.
საზოგადოების ჩართულობის, სოციალური დეტერმინანტებისა და ქცევითი მეცნიერების გამოყენებით შეიმუშავებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სტრატეგიებს.
მონიტორინგისა და ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენებით აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობას.
იყენებს ციფრული ჯანდაცვის ინსტრუმენტებს, საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ანალიტიკას.
აკადემიური დატვირთვა
სულ კრედიტი
120ECTS
სრული პროგრამის მოცულობა
აკადემიური საათები
3 600სთ
ჯამური აკადემიური დატვირთვა
სავალდებულო კომპონენტი
104ECTS
ძირითადი სასწავლო ბლოკები
არჩევითი კომპონენტი
16ECTS
2 აკადემიური წელი · 4 სემესტრი
პროგრამის სტრუქტურა ბლოკების მიხედვით
ბლოკი 1 · 26 ECTS
ბლოკი ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურაზე, პოლიტიკაზე, ფინანსურ მართვასა და რეგულაციებზე. საგნები: ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები; ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება; სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია; ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში; ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები.
ბლოკი 2 · 17 ECTS
ბლოკი მიზნად ისახავს კვლევით და ანალიტიკურ უნარებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. საგნები: ბიოსტატისტიკა; გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი; სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები.
ბლოკი 3 · 8 ECTS
ბლოკის მიზანია საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და პოლიტიკის ანალიზის უნარების გაძლიერება. საგნები: კომუნიკაცია და ქცევითი მეცნიერება; ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება.
ბლოკი 4 · 23 ECTS
ბლოკი ფოკუსირებულია დაავადებების გავრცელების აღკვეთასა და საფრთხეებზე რეაგირებაზე. საგნები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები; ეპიდემიოლოგია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები; ერთიანი ჯანმრთელობა; გლობალური ჯანდაცვა.
სწავლება-სწავლის მეთოდები
სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენება როგორც სტანდარტული, ასევე ინტერაქტიული მეთოდები. ძირითადი მეთოდებია ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მუშაობა, პრობლემაზე და ქეისზე დაფუძნებული სწავლება, Journal Club, წიგნზე მუშაობა და წერითი დავალებები.
ლექცია და სემინარი გამოიყენება თეორიული ცოდნის გადაცემისა და განხილვისთვის. სწავლება ორგანიზებულია თანამედროვე მიდგომების მიხედვით.
პრაქტიკული მეთოდი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის დაკავშირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკასთან. სტუდენტები მუშაობენ რეალურ ან იმიტირებულ სიტუაციებზე.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს რეალურ პრობლემებზე მუშაობას ჯგუფურად. ქეისზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს რეალური ან იმიტირებული შემთხვევების განხილვას.
Journal Club გულისხმობს სამეცნიერო სტატიების განხილვასა და კრიტიკულ ანალიზს. წიგნზე და წერითი მუშაობა ავითარებს აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
შეფასების სისტემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში სწავლის შედეგების შეფასება მრავალფეროვანი მეთოდებით ხორციელდება:
ზეპირი კომუნიკაციის შეფასება: ზეპირი პრეზენტაციები, მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებში, ზეპირი ანგარიშები ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე.
წერილობითი კომუნიკაციის შეფასება: ანალიტიკური ნაშრომები, კვლევითი რეფერატები, ბიოსტატისტიკური ანალიზის წერილობითი ანგარიშები.
ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება: პრაქტიკული სავარჯიშოები ბიოსტატისტიკაში; ქეისების ანალიზი.
თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შეფასება: ჯგუფური პროექტები.
თვითშეფასება და რეფლექსია: სტუდენტების მიერ საკუთარი სწავლის პროცესის კრიტიკული შეფასება.
| შეფასება | ქულა | აღწერა |
|---|---|---|
| A | 91–100 | ფრიადი |
| B | 81–90 | ძალიან კარგი |
| C | 71–80 | კარგი |
| D | 61–70 | საშუალო |
| E | 51–60 | დამაკმაყოფილებელი |
| Fx | 41–50 | ვერ ჩააბარა — სტუდენტს აქვს პროექტის გადამუშავების უფლება |
| F | 0–40 | ჩაიჭრა — სტუდენტმა ახალი პროექტი უნდა შეასრულოს |
პროექტი და სამაგისტრო ნაშრომი
სამაგისტრო პროგრამის ბოლო ეტაპზე სტუდენტი ჯერ ასრულებს სამაგისტრო პროექტს — მუშაობს რეალურ პროფესიულ გარემოში, აკვირდება სამუშაო პროცესებს, აგროვებს ინფორმაციას და იდენტიფიცირებას უკეთებს პრაქტიკულ პრობლემას, შემდეგ ამზადებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
სამაგისტრო პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტი აგრძელებს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე — ამზადებს კვლევის გეგმას, არჩევს მეთოდოლოგიას, აანალიზებს მონაცემებს, წერს აკადემიურ ნაშრომს და საჯაროდ იცავს მას.