რეგისტრაცია
image

საგანმანათლებლო პროგრამები

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის კატალოგი Program Catalog
MA

შესავალი

მოგესალმებით განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური გუნდის სახელით. სიამაყით წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც შექმნილია ამჟამინდელი და მომავალი საგანმანათლებლო ლიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ განათლების მომავლის ტრანსფორმაციას ეფექტური ლიდერობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ინოვაციებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის გზით.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლების ადმინისტრირება სცილდება ინსტიტუციური მენეჯმენტის ფარგლებს — ის მოიცავს განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის და პოზიტიური ცვლილებების ინსტრუმენტის გააზრებას. ჩვენი ინტერდისციპლინარული სასწავლო გეგმა აერთიანებს საგანმანათლებლო პოლიტიკას, ლიდერობას, მენეჯმენტს, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევასა და ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რათა მოამზადოს კურსდამთავრებულები თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს გამოწვევებისთვის.

პროგრამა შემუშავებულია განათლების სექტორის მზარდი საჭიროებების საპასუხოდ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. თეორიის, პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევის ინტეგრაციის გზით, სტუდენტები ავითარებენ კომპეტენციებს, რომლებიც საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობისთვის, საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებისა და შეფასებისთვის, ორგანიზაციული ცვლილებების მართვისა და ინოვაციების წარმართვისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში.

თუ თქვენი მიზანია სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ კოლეჯში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში თუ პოლიტიკის შემმუშავებელ ორგანოებში წარმატება, განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოგაწვდით ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ აზროვნებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გახდეთ ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ლიდერი სულ უფრო ურთიერთდაკავშირებულ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში.

პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის სახელი განათლების ადმინისტრირება
კვალიფიკაცია განათლების ადმინისტრირების მაგისტრი (I ნაწილი, 1-წლიანი) · განათლების ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი (I და II ნაწილი, 2-წლიანი)
საგანმანათლებლო ერთეული სამაგისტრო და პროფესიული განვითარების სკოლა
სფერო 01 განათლება · 018 ინტერდისციპლინარული · 0188.2.1 განათლების ადმინისტრირება
პროგრამის დონე მაგისტრი / კვლევის მაგისტრი · ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე
სწავლების ენა ქართული (ნაწილი კომპონენტები ისწავლება ინგლისურად)
ხანგრძლივობა / მოცულობა I ნაწილი — 1 წელი, 60 ECTS · I+II ნაწილი — 2 წელი, 120 ECTS
აღიარება აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის N1155817 გადაწყვეტილებით, კლასტერის ვადით (2032 წლამდე)
პროგრამის დევიზი SAPIENTIA ET DUCTUS

პროგრამის მისია

ცოდნის ტრანსფერის, უნარების შეძენისა და ღირებულებათა განვითარების გარემოს შექმნა ინდივიდის საგანმანათლებლო ლიდერად ტრანსფორმაციისთვის.

პროგრამის მიზნები და შედეგები

პროგრამის მიზნები და შედეგები განსხვავდება ერთწლიანი სამაგისტრო და ორწლიანი კვლევითი სამაგისტრო ნაწილებისთვის.

სამაგისტრო პროგრამა (I ნაწილი)

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მართონ საგანმანათლებლო ინსტიტუციები სხვადასხვა დონეზე. პროგრამა აღჭურვავს კურსდამთავრებულებს განათლების, როგორც საჯარო ინსტიტუტის ევოლუციის, მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეგულაციების გავლენისა და განათლების მართვის სირთულეების სიღრმისეული გააზრებით — სტრატეგიული პოლიტიკების შემუშავებიდან ინსტიტუციონალურ ადმინისტრირებამდე.

თანამედროვე ლიდერობის თეორიების პრაქტიკულ აპლიკაციებთან ინტეგრაციით, სტუდენტები ისწავლიან ორგანიზაციულ გამოწვევებზე რეაგირებას, პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების განხორციელებას. პროგრამა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების, ეთიკურ გამოყენებას ადმინისტრირებასა და საგანმანათლებლო პროცესში. პროგრამა ავითარებს აკადემიური, ეთიკური და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას — ლიდერული როლების შესასრულებლად, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის.

ამოცანები:
  • ანალიტიკური და ლიდერული კომპეტენციები — საგანმანათლებლო პოლიტიკის, მართვის სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული პროცესების კრიტიკული ანალიზი გლობალურ, ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე.
  • სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებზე დაყრდნობით.
  • საგანმანათლებლო ლიდერობის, მართვისა და ადმინისტრირების უნარები; პოზიტიური ინსტიტუციური კულტურა და ადეკვატური სტრატეგიები შიდა/გარე გამოწვევებისთვის.
  • ტექნოლოგიების ინტეგრაცია — AI და ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების წარმართვა საგანმანათლებლო პროცესში, მართვასა და შეფასებაში.
  • ეთიკური პასუხისმგებლობა და დემოკრატიული ღირებულებები; AI-ის გამოყენების ეთიკა აკადემიის მართვაში.

კვლევითი სამაგისტრო პროგრამა (II ნაწილი)

სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის — კვლევითი სამაგისტრო პროგრამის — აქცენტია კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, რაც მოამზადებს კურსდამთავრებულებს კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, კურიკულუმები და მართვის სისტემები.

თეორიული ცოდნის ანალიზის, რეალური პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის სინერგია განაპირობებს პროგრამის კურსდამთავრებულების მიმართ მოლოდინს — განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები განათლების ადმინისტრირებაში ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ამოცანები:
  • ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო წყაროებისა და მონაცემების კრიტიკული ანალიზი.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება; თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომპეტენციები; აკადემიური სტანდარტები და სამეცნიერო ეთიკა.
  • ადვოკატირებისა და შეფასების კულტურის განვითარება.
  • ეთიკური პასუხისმგებლობა კვლევის პრაქტიკაში; AI-ის რაციონალური გამოყენება.

კონცეფცია

პროგრამის ხედვა ეფუძნება განმახორციელებელი გუნდის ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ გამოცდილებას, სფეროს გამოწვევებს, სხვა საგანმანათლებლო სუბიექტთა გამოცდილებასა და სექტორულ საჭიროებებს — კომპეტენციათა დეფიციტის გამოვლენიდან დაწყებული, გლობალური ტექნოლოგიური და სოციალური ევოლუციის კონტექსტში საპასუხო საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნამდე.

ეფექტური განათლების ადმინისტრირება ითხოვს არა მხოლოდ ორგანიზაციულ ლიდერობას, არამედ საგანმანათლებლო პროცესის დიზაინის, კურიკულუმის, შეფასებისა და სწავლა-სწავლების მართვის ცოდნას. პროგრამის კონცეფცია ამ კომპონენტების სინერგიას ითვალისწინებს — ლოკალური გამოწვევების, საერთაშორისო კონტექსტისა და შრომის ბაზარზე იდენტიფიცირებული უნარების დეფიციტის საპასუხოდ.

კონცეფცია ეხმაურება უმაღლესი, ზოგადი, პროფესიული, სკოლამდელი და არაფორმალური განათლების რეფორმებს; საერთაშორისო საგანმანათლებლო კავშირებს; ხარისხის უზრუნველყოფის მოლოდინებს და თანამედროვე ტექნოლოგიების (ონლაინ პლატფორმები, AI, ენობრივი მოდელები) ინტეგრაციის შესაძლებლობებს, შეზღუდვებსა და ეთიკურ დილემებს. ამ საფუძველზე პროგრამა ჩამოყალიბებულია როგორც ინტერდისციპლინარული, პრობლემის გადაწყვეტაზე, პრაქტიკულ აპლიკაციაზე და სიახლეებისადმი ღიაობაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფცია.

პროგრამის ხედვა

პროგრამა ახდენს პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, დიდაქტიკის, ეკონომიკის, მართვის, ლიდერობის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სინერგიას — არა უბრალოდ პარალელური დისციპლინებით, არამედ მათი ურთიერთკავშირის გაცნობიერებით ადმინისტრატორის პროფესიულ პროფილში. საკუთარი კატალოგით პროგრამა განათლებას განიხილავს როგორც:
  • რეგულირებადი სტრუქტურა — ინსტიტუციონალიზებული სისტემები (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი), რომლებიც სამართლებრივი და პოლიტიკურ-ეკონომიკური რეგულაციებით ვითარდება.
  • პოლიტიკის ინსტრუმენტი — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების წარმართვა; სოციალური მობილობა და კონკურენტუნარიანობა.
  • ფილოსოფია და კოგნიტური პროცესი — ჰოლისტიკური განვითარება, კრიტიკული აზროვნება; ცოდნის აღქმა, დამუშავება და გამოყენება.
  • სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტი — სტატუსი, დასაქმება, ინკლუზია და უთანასწორობის შემცირება.
  • ლიდერობისა და მიზნის გარშემო დაკავშირების პროცესი — ცვლილებების მართვა, რესურსები, ინკლუზიური სასწავლო გარემო.
  • ორგანიზაციული ეფექტურობა და ხარისხზე ორიენტირებული ბიზნესმოდელი — ცოდნის მართვა, მდგრადობა, ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირება.
  • კვლევის სფერო — თვისებრივი, რაოდენობრივი და შერეული მეთოდები; მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები.
  • ტექნოლოგიების იმპლემენტაციის არე — AI, Big Data, VR/AR, პერსონალიზებული და ხელმისაწვდომი სწავლება.
  • გლობალური მოვლენა და ეროვნული პრიორიტეტი — SDGs, Erasmus+, საქართველოს რეფორმები და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა.
  • კაცობრიობის უნივერსალური ღირებულება — ადამიანის უფლება და საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა.
icon
აკადემიური დატვირთვა

I ნაწილი · მაგისტრი

60ECTS

1 აკადემიური წელი · 1800 საათი

II ნაწილი · კვლევითი

60ECTS

დამატებითი 1 წელი · 1800 საათი

სავალდებულო (I ნაწილი)

57ECTS

არჩევითი — 3 ECTS

სავალდებულო (კვლევითი)

38ECTS

არჩევითი — 22 ECTS

განათლების სისტემის ბლოკი

მოიცავს განათლების სისტემების შედარებით ანალიზს, განათლების პოლიტიკას, ეკონომიკურ ზემოქმედებებსა და სამართლებრივ რეგულირებას. ცოდნის გაღრმავება შესაძლებელია გლობალური განათლების, განათლების ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კურსებით, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში.

საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება

მოიცავს ფსიქოლოგიისა და განათლების თეორიას, კურიკულუმის დიზაინს, სწავლებისა და შეფასების მეთოდებს, ხარისხის უზრუნველყოფას. ხაზგასმულია საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია — საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების გამოყენებით.

საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირება

ორგანიზაციული ლიდერობა, მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინტერკულტურული კომუნიკაცია. პრაქტიკაში — რეალურ პროფესიულ გარემოში ცოდნისა და პრობლემის გადაწყვეტის გამოყენება ორგანიზაციის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და განვითარების პროექტის შემუშავებაში.

განათლების კვლევის ბლოკი

დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი მეთოდები და აკადემიური/სამეცნიერო კომუნიკაცია. სრულდება დამოუკიდებელი კვლევითა და სამაგისტრო ნაშრომის შემუშავება-დაცვით.

თეორია · პრაქტიკა · კვლევა · კომუნიკაცია

თეორიული კომპონენტი ორიენტირებულია უახლეს კვლევაზე და დარგის გამოწვევებზე; პრაქტიკა — სავალდებულო პროექტითა და კურსის მინი-პროექტებით; კვლევა გაღრმავდება სემესტრულად და მყარდება სამაგისტრო ნაშრომით. კომუნიკაცია (ქართულად და ინგლისურად) და ტრანსფერული უნარები — დროის/რესურსების მართვიდან ტექნოლოგიების ეთიკურ გამოყენებამდე — ინტეგრირებულია ყველა კომპონენტში. ინგლისურენოვანი მასალები, კურსები და პროექტი/თეზისი ხელმისაწვდომია.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება

1.1. აცნობიერებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების ფაზებს, თანამედროვე კონტექსტსა და სამომავლო გამოწვევებს, აანალიზებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტებით რეგულირების გავლენებს განათლების სფეროს განვითარებაზე.

1.2. იცნობს განათლების მართვის სტრუქტურებს საერთაშორისო, სახელმწიფოებრივ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დონეზე, აანალიზებს საგანმანათლებლო მმართველობით პროცესებს სტრატეგიულიდან ოპერაციულ მართვამდე და პოლიტიკის შემუშავებიდან — საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირების დონემდე.

1.3. სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს, საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავებიდან კურიკულუმის დიზაინის, შიდა და გარე შეფასებისა და განვითარების ჩათვლით, უახლესი საგანმანათლებლო, მათ შორის ICT და AI ტექნოლოგიების სასწავლო პროცესის განვითარებაში მნიშვნელობის გაცნობიერებით.

უნარები

2.1. ავლენს ეფექტურ საგანმანათლებლო ლიდერობას ორგანიზაციაში — რელევანტური მმართველობითი მიდგომების გამოყენებით, გარე და შიდა ფაქტორების გავლენის შეფასებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრავს და ახორციელებს საგანმანათლებლო ორგანიზაციის განვითარების რეალისტურ და მიღწევად სტრატეგიას, პოზიტიური ორგანიზაციული კულტურისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფით.

2.2. შეუძლია საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება — ორგანიზება, განხორციელება და მართვა, ინოვაციური ინიციატივების შემუშავებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების მიღებამდე, ახდენს აკადემიური გამოცდილების სინთეზს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების უნარებთან.

2.3. პრაქტიკაში უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანი ICT და AI ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

3.1. საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული, ინდივიდუალური თუ გუნდური საქმიანობის დაგეგმვაში ითვალისწინებს საკუთარ და სხვის პიროვნულ შესაძლებლობებს და ლიმიტებს, და საგანმანათლებლო თუ პროფესიულ ეკოსისტემაში ლიდერობას წარმართავს აკადემიური ღირებულებების, საზოგადოებრივი კეთილდღეობის პრიმატისა და დემოკრატიული ღირებულებების გაცნობიერებით.
ცოდნა და გაცნობიერება

B1.1. ადარებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების გამოწვევებს ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.

B1.3. სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს განვითარებასა და სწავლების კოგნიტურ პროცესებთან, ინტერკულტურული სასწავლო პროცესის განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერებით.

უნარები

B2.3. შეუძლია სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით კვლევის მონაცემების გამოყენება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

3.2. აცნობიერებს აკადემიურ ღირებულებებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემების დამუშავების და კვლევის შედეგების წარდგენის ეტაპებზე, რაოდენობრივი, თვისებრივი, სამოქმედო თუ შერეული კვლევის განხორციელებისას იცავს ეთიკურ პრინციპებს, განსაკუთრებით საკვლევ პოპულაციასთან მიმართებით, იაზრებს სხვათა ნამუშევრის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავლენას სამეცნიერო მუშაობაზე და წარმართავს კვლევას აკადემიური პატიოსნების თანამედროვე სტანდარტებით.

ტრანსფერული უნარები

4.1. კომუნიკაციის უნარი

4.1.1. ვერბალური კომუნიკაცია — ქართულ და ინგლისურ ენაზე, პრობლემის, სასწავლო მასალის, სამეცნიერო წყაროს თუ პრაქტიკული ქეისის ირგვლივ ინფორმაციის აღქმის, გადმოცემის, პერეფრაზის, სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუ არასპეციალისტებისათვის გასაგები ფორმით გადმოცემის უნარი.

4.1.2. წერილობითი კომუნიკაცია — ქართულ და ინგლისურ ენაზე მოკლე პრეზენტაციული ნაშრომის, ესეს, დოკუმენტის პროექტისა და აკადემიური სტატიის ფორმატში ინფორმაციის გადმოცემის, შეჯამების, ანალიზის, მნიშვნელოვანი ნაწილების ხაზგასმისა და აკადემიური ფორმებით ტრანსფერის უნარი. ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი წყაროებიდან ინფორმაციის სინთეზისა და სამუშაო ენაზე გამართულად გადმოცემის უნარი.

4.1.3. ენობრივ მოდელებთან კომუნიკაცია — ქართულ და ინგლისურ ენაზე ვრცელი ენობრივი მოდელებისთვის მინიშნების (prompt) გენერირების უნარი, ენობრივი მოდელის შესაძლებლობებისა და პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი წინაპირობების წინასწარ გააზრების და ტექსტობრივ მინიშნებაში ასახვის უნარი, გენერირებადი ტექსტის შეზღუდვების წინასწარი გაცნობიერებით.

4.2. პრობლემების გადაჭრა
ახდენს კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და თეორიული ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების სინთეზს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით პრობლემის გადასაჭრელად, ახალი ინოვაციური მიდგომების ფორმულირებასა და მათი ეფექტურობის შეფასებისთვის. იყენებს პრობლემების გადასაჭრელ მიდგომებს რეალური პროფესიული ქეისებისთვის.

4.3. ანალიტიკური უნარი
აანალიზებს რთულ ცნებებს, თეორიებსა და მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს სისტემურ ურთიერთკავშირებსა და პატერნებს დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებისთვის. იყენებს მოწინავე ანალიტიკურ მეთოდებსა და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს; შეუძლია არგუმენტებისა და წყაროების კრიტიკული შეფასება, საკვანძო მიგნებების გამოკვეთა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანასთან დაკავშირება.

4.4. დროის მართვა და პრიორიტეტები
ახდენს დროის ეფექტურად მართვისა და ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრის ძირითადი პრინციპებისა და ჩარჩოების იდენტიფიცირებას; რთულ აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ გარემოში ახდენს დავალების ორგანიზების, დაგეგმვისა და სამუშაო დატვირთვის დაბალანსების ტექნიკის დემონსტრირებას. იყენებს პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგიებს ვადებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებისთვის.

4.5. ორგანიზება და თვითორგანიზება
ეფექტურად გეგმავს, სტრუქტურირებს და მართავს ამოცანებს, რესურსებსა და პასუხისმგებლობებს რთულ აკადემიურ და პროფესიულ გარემოში; ავითარებს თვითორგანიზაციის უნარებს — დამოუკიდებელი მუშაობა, რეალისტური მიზნები, დისციპლინა და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაცია.

4.6. გუნდური მუშაობა
ეფექტურად თანამშრომლობს მრავალფეროვან გუნდურ გარემოში — იდეების შეტანით, აქტიური მოსმენით და ურთიერთპატივისცემისა და საერთო პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებით. უზრუნველყოფს პროდუქტიულ კომუნიკაციას, კონფლიქტების მოგვარებას და კონსენსუსის მიღწევას აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.

4.7. პროექტების მართვა
გეგმავს, ასრულებს, მონიტორინგს უწევს და აფასებს პროექტებს აკადემიურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში. იყენებს პროექტის მართვის პრინციპებს — მიზნების დასახვა, რესურსების განაწილება, რისკების შეფასება და ვადების მართვა — ეთიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დაცვით, პროექტის მიზნების ინსტიტუციურ მიზნებთან შესაბამისობით.
კურიკულუმი — I წელი (სამაგისტრო პროგრამა)
კოდი კომპონენტი ECTS წინაპირობა I სემ II სემ
ED1001 განათლების სისტემების სტრუქტურა 5 5
ED1003 კურიკულუმის დიზაინი და განვითარება 5 5
ED1005 სწავლების თანამედროვე მეთოდები 6 6
ED1007 განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები 4 4
ED1009 საგანმანათლებლო ინსტიტუციის მართვა 6 6
ED1011 ლიდერობა განათლებაში 4 4
ED1002 განათლების პოლიტიკა 5 ED1001 5
ED1004 ფინანსები განათლებაში 4 ED1001 4
ED1006 განათლების რეგულირება 4 ED1001 4
ED1008 ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში 6 ED1003 6
ED3XXX არჩევითი დისციპლინა 3 3
ED1010 სამაგისტრო პროექტი 8 ED1009 8