რეგისტრაცია
image

სტუდენტებისთვის

სტუდენტთა ეთიკის კოდექსი

წინამდებარე კოდექსით აღიწერება შპს ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი, ბათუმი-ს სტუდენტების ეთიკური ღირებულებები, ქცევის წესები და ეთიკის დარღვევაზე რეაგირების პროცედურები. სრული ტექსტი თავებად არის დაჯგუფებული — გახსენით სასურველი თავი დეტალური გაცნობისთვის.
თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  1. წინამდებარე კოდექსით აღიწერება შპს ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი,ბათუმი-ს (შემდეგში “ბაუ” ან “უნივერსიტეტი”) სტუდენტების ეთიკურ ღირებულებები, სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში ქცევის ზოგად და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციასთან დაკავშირებული წესები, განისაზღვრება ეთიკასთან შეუსაბამო - დაუშვებელი ქცევის შემთხვევები და დგინდება ეთიკური ნორმების დარღვევის აღმოფხვრის და დარღვევებზე რეაგირების პროცედურები.
  2. კოდექსის მიზანია უნივერსიტეტის ღირებულებების მისი სტუდენტთა კორპუსისთვის წარმოჩენა, ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება, ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემასა და აკადემიური კომუნიკაციის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათებლო გარემოს შენარჩუნება და განვითარება.
  3. კოდექსის დებულებები გამომდინარეობს და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებში ასახულ პრინციპებიდან.
  4. კოდექსის ნორმების დაცვა სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის. ამ კოდექსის მიზნებისთვის, სტუდენტად მოიაზრება ყველა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩაირიცხა უნივერსიტეტში მის მიერ განხორციელებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  5. კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელია გავრცელდეს მათ შორის, შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებზე.
  6. კოდექსის ნორმების დაცვა სავალდებულოა საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისას, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თუ პარტნიორ კლინიკურ დაწესებულებაში, აგრეთვე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  7. კოდექსის მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს ამ კოდექსით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 2. კოდექსის ნორმების წინაშე თანასწორობის პრინციპები

  1. სტუდენტის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია დადგეს მხოლოდ ამ კოდექსით ამომწურავად განსაზღვრული გადაცდომისთვის.
  2. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი უფლებამოსილია თანაბრად ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დებულებით, ამ კოდექსითა და უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებებით.
  3. აკრძალულია სხვა პირის დისკრიმინაცია ან მისადმი არატოლერანტული დამოკიდებულობა ნებისმიერი განსხვავებულობის გამო - რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, პოლიტიკური გაერთიანების წევრობის, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, კულტურული კუთვნილების, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის, მათ შორის, აკადემიური მოსწრების, პროფესიული რეპუტაციის და უნივერსიტეტთან კომუნიკაციის ისტორიის საფუძველზე.
თავი II. სტუდენტთა უფლებები, ვალდებულებები და ეთიკური ღირებულებები

მუხლი 3. სტუდენტის უფლებები

3.1. სტუდენტის უფლებებია:

  • ა). მიიღოს ხარისხიანი განათლება, უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად;
  • ბ). აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები პროგრამით გათვალისწინებული პირობებისა და წინაპირობების დაცვით;
  • გ). მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
  • დ). მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
  • ე). მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი დაწესებულებების მიხედვით გამოცხადებულ კვლევით კონკურსებში, ობიექტური შერჩევის კრიტერიუმებისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
  • ვ). უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსებით.
  • ზ). საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში,
  • თ). იყოს სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენელი უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანოების შემადგენლობაში
  • ი). დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ გაერთიანებაში თავისი ინტერესების შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობის ფარგლებში ან მის გარეთ;
  • კ). თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
  • ლ). ისარგებლოს წარმომადგენლობისა და დაცვის უფლებებით მის მიერთ დისციპლინარული საქმისწარმოების საკითხის განხილვისას
  • მ). ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლების მეორე წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
  • ნ). მიიღოს უნივერსიტეტისგან, სახელმწიფოსგან ან სხვა წყაროდან სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები, შესაბამისი დონორის მიერ დადგენილი წესით;
  • ო). თანასწორობის, შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებისა და სამართლიანი კონკურენციის პირობებში მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის კურიკულუმის გარე ღონისძიებებისთვის მონაწილეთა შერჩევაში;
  • პ). პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და რესურსების მუშაობის შეფასება, გაეცნოს ამ შეფასებების განზოგადებულ შედეგებს;
  • ჟ). მიიღოს უნივერსიტეტში დაცული მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და მოითხოვოს ამ ინფორმაციის ასლები;
  • რ). განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

3.2. ამ მუხლით განსაზღვრული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სტუდენტის მიმართ სასამართლოს გამამტყუვნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.

3.3. სტუდენტური უფლებების დაცვისა და მისი შეზღუდვის შესაძლო შემთხვევებზე რეაგირების პასუხსიმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტში შექმნილ ერთეულს - სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს, და სტუდენტთა მიერ არჩეული თვითმმართველობის მიერ ნდობით აღჭურვილ პირს - სტუდენტურ ომბუცმენს.

3.4. საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ამ მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევის, ან მათი რეალიზების შეფერხების შესახებ უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს ან სტუდენტურ ომბუცმენს შესაბამისი რეაგირებისთვის.

3.5. ზედამხედველობას ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტური უფლების დაცვასა და რეალიზებაზე დამოუკიდებლად ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტური თვითმმართველობა.

მუხლი 4. სტუდენტის ვალდებულებები

4.1. ბაუს სტუდენტის ვალდებულებებია:

  • ა). გაეცნოს და დაიცვას უნივერსიტეტის წესდების, დებულების, შინაგანაწესისა და სტუდენტური ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.
  • ბ). პატივი სცეს საკუთარი და სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ღირსებას, ასევე მათ პირად ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს.
  • გ). პატივი სცეს პაციენტის უფლებებსა და გაითვალისწინოს პაციენტის საუკეთესო ინტერესები.
  • დ). პატივი სცეს სხვა სტუდენტების სწავლის უფლებას და სასწავლო პროცესის აკადემიურ თავისუფლებას.
  • ე). უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;
  • ვ). შეასრულოს უნივერსიტეტსა და მას შორის გაფორმებული სტუდენტური ხელშეკრულების მოთხოვნები.
  • ზ). სტუდენტი პატივს სცემს უნივერსიტეტის სახელს, პატივსა და საქმიან რეპუტაციას, ასევე, უფრთხილდება უნივერსიტეტის ქონებას.

4.2. სტუდენტთა ვალდებულებების შეუსრულებლობა შესაძლებელია წარმოადგენდეს ამ კოდექსით, უნივერსიტეტის სტუდენტური დებულებით, შინაგანაწესით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

4.3. სტუდენტური ვალდებულებების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა გააჩნია უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

4.4. საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის, ან დარღვევის მოსალოდნელი რისკის შესახებ, უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს ან სტუდენტურ ომბუცმენს შესაბამისი რეაგირებისთვის.

4.5. ზედამხედველობას ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტური ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგზე ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორი.

მუხლი 5. სტუდენტის ეთიკური ღირებულებები

ბაუს სტუდენტის უნივერსალური ეთიკური ღირებულებებია:

  • ა) კეთილსინდისიერება - რაც გულისხმობს საკუთარი საგანმანათლებლო პროცესის საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების დაცვით განხორციელებას, პირადად, შესატყვისი დროის, რესურსის, ყურადღებისა და გულისხმიერების გამოყენებით;
  • ბ) ინფორმირებულობა - რაც გულისხმობს სტუდენტის სტატუსთან, უფლებებსა და ვალდებულებებთან, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობას, გაგებას და ობიექტურად ინტერპრეტირებას;
  • გ) პროფესიონალიზმი - რაც გულისხმობს პრაქტიკული და კლინიკური სწავლების პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას;
  • დ) აკადემიური პატიოსნება - რაც გულისხმობს სწავლის შედეგების შეფასების და თვითშეფასების ობიექტურობას, უკეთესი შეფასების მისაღებად სასწავლო პროცესის ორგანიზაების წესის დარღვევის, შემფასებელზე ან სხვა პირებზე ზეწოლის თუ სხვაგვარი ზემოქმედების დაუშვებლობას.
  • ე) იდეათა პლურალიზმის პრინციპის აღიარება - რაც გულისხმობს ვალდებულებას პატივი სცენ სხვების დასაბუთებულ უარს, გაიზიარონ მოწოდებული იდეა, ასევე სასწავლო პერსონალის უფლებას - სასწავლო კურსი წაიყვანოს შესაბამისი სამეცნიერო ვალიდურობის მქონე თეორიის ფარგლებში.
  • ვ) ორგანიზაციის პატივისცემა - რაც გულისხმობს სტუდენტებთან, კოლეგებთან, საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებთან თუ სხვა პირებთან უნივერსიტეტის, მისი პერსონალის და სტუდენტების პოზიტიური თუ ნეგატიური შედარების დაუშვებლობას სხვა უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის წევრებთან და პირიქით, ასევე ისეთი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს უნივერსიტეტს, მასში დასაქმებულ პერსონალს თუ მის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
  • ზ) კომუნიკაციის პროფესიული ფარგლების დაცვა - რაც გულისხმობს უნივერსიტეტის სასწავლო პერსონალთან და უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაციას-აკადემიური გარემოსთვის შესაბამისი ფორმატით, მეგობრულ, ან/და აკადემიური გარემოსთვის შეუსაბამო ფორმატში გადატანის, უნივერსიტეტის კამპუსის ფარგლებს გარეთ, ან/და სოციალური ქსელებით კომუნიკაციის დაუშვებლობას.
  • თ) ობიექტურობის შენარჩნება - რაც გულისხმობს საკუთარ შეფასების ობიექტურად აღქმას და ზემოქმედების გამორციხვას უფრო მაღალი შეფასების მისაღებად, გარდა უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული დასაბუთებული აპელაციის მეთოდებისა.
  • ი) კვლევის პატიოსნების უნივერსალური წესების დაცვა - რაც გულისხმობს ავტორობის აღიარების, ციტირების წესის, სათანადო კვლევითი მეთოდებით მონაცემების დამუშავებისა და ინფორმაციის წარმოდგენის სათანადო წესების გამოყენებას სასწავლო პროცესში ან/და უნივერსიტეტის სახელით წარმობულ სტუდენტის კვლევით საქმიანობაში.
  • კ) პაციენტის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა - რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის ფარგლებში პაციენტთან შეხებაში მყოფი სტუდენტის მიერ პაციენტთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების, მათ შორის ინფორმირებული თანხმობის, პაციენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედების, უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების განუხრელ დაცვას.
  • ლ) ნეიტრალიტეტი - რაც გულისხმობს უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტთან ასოცირებით პოლიტიკური პროპაგანდის, რელიგიური პროზელიტიზმის, ინდივიდუალური ფილოსოფიური მრწამსის სხვა პირებზე თავის მოხვევსგან თავის შეკავებას;
  • მ) ადამიანის უნივერსალურ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა - დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებებით მოქმედება, ინდივიდის უნივერსალურ უფლებების პრიმატის აღიარება საკუთარ საქმიანობაში.
  • ნ) შევიწროების დაუშვებლობა - რაც გულისხმობს ნებისმიერი სტუდენტის, უნივერსიტეტიში დასაქმებული ან მესამე პირის მიმართ იმგვარი არასასურველი ქცევის დაუშვებლობას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას, დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
  • ო) სხვების სამუშაოს პატივისცემა - რაც გულისხმობს უნივერსიტეტში დასაქმებული პირების მიერ სამუშაოს შესრულების ხელშეშლის ან მისი შეფერხების დაუშვებლობას, სხვისი სტუდენტების სამუშაოს შედეგების, როგორც საკუთარის, წარმოჩენის დაუშვებლობას.
  • პ) ორგანიზაციის რეპუტაციაზე ზრუნვის პრინციპი - რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მისიის, ხედვის, და საკვანძო ღირებულებების გაზიარების, და მათ შესაბამისად მოქმედების ვალდებულებას, საკუთარი მოქმედებებითა თუ გამოთქმული მოსაზრებებით ორგანიზაციისთვის, მასში დასაქმებული პირისთვის ან მისი სტუდენტის თუ კურსდამთავრებულისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების დაუშვებლობას.
  • ჟ) კონფედენციალური ინფორმაციის პატივისცემა და დაცვა - რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის, სხვა პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტის თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის განზრახ თუ გაუფრთხიებლობით არაუფლებამოსილი პირებისთვის გამჟღავნების ან გამჟღავნების რისკის შექმნის დაუშვებლობას.
  • რ) უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს პატივისცემა - რაც გულისხმობს უნივერსიტეტში უსაფრთხოების და ჰიგიენის ჩვეული წესების აღიარებას და დაცვას.
  • ს) აკადემიური იერსახის და იმიჯის პატივისცემა - რაც გულისხმობს სტუდენტის გარეგანი იერსახის, ჩაცმულობის, კომუნიკაციის მანერის, და სხვა გამოხატულებების შესაბამისობას აკადემიურ საზოგადოებაში შესატყვის სტანდარტებთან.
  • ტ) გარემოზე ზრუნვა - რაც გულისხმობს საკუთარ საქმიანობაში გარემოსდაცვითი საკითხების შეძლებისდაგვარად გაცნობიერებას, რესურსებით ოპტიმალურ სარგებლობას, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისკენ სწრაფვას.
თავი III. სტუდენტის დაუშვებელი ქცევა

მუხლი 6. დაუშვებელი ქცევა

სტუდენტის დაუშვებელ ქცევად მიიჩნევა ამ კოდექსით განსაზღვრული ქმედება, რომელიც არღვევს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სტუდენტის ეთიკურ ღირებულებებს, წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტუდენტის უნივერსიტეტის მიმართ ვალდებულებების დარღვევას და თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვს უნივერსიტეტის მხრიდან რეაგირებას, რაც გამოიხატება სტუდენტის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის წამოყენებაში.

მუხლი 7. სტუდენტის დაუშვებელი ქცევა

ამ კოდექსის მიზნებისთვის, სტუდენტისთვის დაუშვებელ ქცევად მიიჩნევა:

  • ა) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა;
  • ბ) თამბაქოს ან/და ელექტრონული სიგარეტის მოწევა უნივერსიტეტის შენობაში, ან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
  • გ) ალკოჰოლური სასმელების უნივერსიტეტის შენობაში ან ტერიტორიაზე შეტანა ან/და მოხმარება, გარდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისა;
  • დ) ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების უნივერსიტეტის ტეროტორიაზე შეტანა, გავრცელება ან/და გამოყენება სათანადო წესით გაცემული ნებართვის გარეშე;
  • ე) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის შეტანა, გამოყენება, სხვისთვის გადაცემა;
  • ვ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შეტანა, გამოყენება, გავრცელება ან სხვისთვის გადაცემა;
  • ზ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აზარტული თამაშების ორგანიზება ან მათში მონაწილეობის მიღება;
  • თ) დემონსტრატიული ბილწსიტყვაობა;
  • ი) სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა პირისათვის;
  • კ) სხვა პირის მიმართ ძალადობა ან მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება;
  • ლ) სხვა პირზე ზეწოლა, მუქარა, დაშინება ან სხვა სახის მორალური ზემოქმედება.;
  • მ) სხვა პირის დისკრიმინაცია - პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით;
  • ნ) სხვა პირის სექსუალური შევიწროება - სხვა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის სიტყვიერი თუ არასიტყვიერი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს;
  • ო) სიძულვილის ენის გამოყენება;
  • პ) უნივერსიტეტის ტერიტორიის დანაგვიანება;
  • ჟ) უნივერსიტეტის ქონების დაზიანება;
  • რ) ინვენტარით სარგებლობის წესის დარღვევა;
  • ს) სხვა სტუდენტის საკუთრების ხელყოფა, დაზიანება ან განადგურება ან სხვა რაიმე სახით შეზღუდვა;
  • ტ) კონფიდენციალური ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის უნებართვოდ დაუფლება, გავრცელება ან შეცვლა;
  • უ) წინასწარი თანხმობის ან ნებართვის გარეშე, ფარული ვიდეო/ფოტო/აუდიო ჩანაწერის განხორციელება ან/და გავრცელება, გარდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო ღონისძიებებისა;
  • ფ) პირადი მიზნებისა ან/და მისთვის რაიმე სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენელი პირისაგან საჩუქრის ან/და სხვა სახის სარგებელის მოთხოვნა ან/და მიღება, ან/და შეთავაზება;
  • ქ) წინასწარი განზრახვით საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრი სხვა პირის შეცდომაში შეყვანა;
  • ღ) ცრუ ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება უნივერსიტეტის, მისი სტუდენტებისა ან უნივერსიტეტში დასაქმებული პირების შესახებ;
  • ყ) უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

მუხლი 8. სასწავლო პროცესში დაუშვებელი ქცევა

საგანმანათლებლო პროცესში - სასწავლო პროგრამის ნებისმიერი კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობის შესრულებისას სტუდენტის დაუშვებელ ქცევად მიიჩნევა:

  • ა) აკადემიური თაღლითობა - რაც გულისხმობს სასწავლო დავალების შესრულებას შესაბამისი სილაბუსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, მათ შორის: ა.ა.) სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან გადაწერა; ა.ბ.) გამოცდებზე და გამოკითხვების დროს დამხმარე მასალის გამოყენება, თუ აღნიშნული არ არის დაშვებული შესაბამისი შეფასების ფორმატით; ა.ბ.) გამოცდებზე და გამოკითხვების დროს დამხმარე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, თუ აღნიშნული არ არის დაშვებული შესაბამისი შეფასების ფორმატით; ა.გ.) ინდივიდუალური დავალების ჯგუფურად მომზადება ან ერთი პირის მიერ მომზადებული დავალების ჯგუფურ ნამუშევრად გასაღება; ა.დ.) კვლევის მონაცემებისა ან/და შედეგების გაყალბება ან განზრახ არასწორი ინტერპრეტირება;
  • ბ) პლაგიატი - რაც გულისხმობს სხვის ნამუშევრის, სრულად ან ნაწილობრივად, გამოყენებას, მისი ავტორისა ან წყაროს მითითების გარეშე ან/და სხვა პირის წერილობითი ნაშრომის ან მისი ნაწილის გასაღება, როგორც საკუთარის;
  • გ) სხვა სტუდენტის ნამუშევარზე ზემოქმედება, მისი შეცვლა ან დაზიანება,
  • დ) სხვა სტუდენტისათვის აკადემიური თაღლითობის ჩადენის ან/და შეფასებაზე არამართლზომიერ გავლენაში ხელის შეწყობა;
  • ე) არამართლზომიერი გზით უნივერსიტეტიდან ან/და სასწავლო პერსონალიდან ინფორმაციის, მათ შორის, საგამოცდო საკითხების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოპოვება ან მისი მცდელობა;
  • ვ) სხვა პირთან გარიგება ან მისი მცდელობა ინფორმაციის მოპოვების ან/და შეფასებებზე ზემოქმედების მიზნით;
  • ზ) საგამოცდო მასალების, შესახებ ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება, ან მისი მცდელობა;
  • თ) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეღწევის მცდელობა ინფორმაციის მოპოვების ან მასზე ზემოქმედების მიზნით;
  • ი) უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსებში დაუშვებელი შეღწევა, ინფორმაციის მოპოვების ან მის ფუნქციონირბაზე ზემოქმედების მიზნით;
  • კ) შეფასების მისაღებად სხვისი იდენტობის გამოყენება ან მისი მცდელობა;
  • ლ) სხვა სტუდენტისათვის ხელის შეშლა სწავლასა და კვლევის პროცესში;
  • მ) ლექცია -სემინარებზე უცხო პირის შეყვანა შეთანხმების გარეშე;
  • ნ) პერსონალური და უნივერსიტეტში დაცული სხვა მონაცემების გაყალბება ან მისი მცდელობა;
  • ო) უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტის გაყალბება;
  • პ) ლექტორზე, გამომცდელზე, უნივერსიტეტის თანამშრომელზე ზეწოლა შეფასებაზე ზემოქმედების მიზნით, პირადად ან სხვა პირების გამოყენებით;
  • ჟ) პაციენტის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების ხელყოფა - პაციენტთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების, მათ შორის ინფორმირებული თანხმობის, პაციენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედების, უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების დარღვევას ან/და კლინიკური სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მითითების დაუმორჩილებლობა.
თავი IV. რეაგირება ეთიკის კოდექსის დარღვევაზე. დისციპლინარული წარმოება

მუხლი 9. რეაგირება ეთიკის კოდექსის დარღვევაზე

9.1. ეთიკის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების ინიციატორი შესაძლებელია იყოს უნივერსიტეტის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეული, სასწავლო პერსონალი, ან პირი, რომლის უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა უნივერსიტეტის სტუდენტის მხრიდან შეუსაბამო ქცევის მიზეზით.

9.2. განცხადება ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხზე წარედგინება უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, მისამართზე: ფრიდონ ხალვაშის N237 ან ელექტრონულ ფოსტაზე info@bauinternational.edu.ge .

9.3. განმცხადებლის ვინაობა მოთხოვნის შემთხვევაში დაცულია გამჟღავნებისგან.

9.4. უნივერსიტეტი სავარაუდო დარღვევის შემცველ განცხადებას, თანდართულ ინფორმაციასთან ერთად ამ კოდექსის ნორმებთან შესაბამისობაზე შესაფასებლად გადასცემს იურიდიულ სამსახურს.

9.5. სავარაუდო დარღვევის ამ კოდექსის ნორმებთან შეფასების და ქმედებაში ეთიკის კოდექსის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, იურიდიული სამსახური შუამდგომლობს უნივერსიტეტის რექტორის წინაშე დარღვევაზე რეაგირების მიზნით დისციპლინური წარმოების დაწყებისა და ეთიკის კომისიის შექმნის შესახებ.

9.6. სავარაუდო დარღვევის ამ კოდექსის ნორმებთან შეფასების და ქმედებაში ეთიკის კოდექსის დარღვევის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული სამსახური განუმარტავს განცხადებელს დისციპლინარული წარმოების დაწყების საფუძვლების არარსებობას. ამ მუხლით დადგენილი წესი არ გამოიყენება თუ შეტყობინების ავტორის განსაზღვრა შეუძლებელია.

9.7. სავარაუდო დარღვევის იურიდიული სამსახურის მიერ წინასწარი შეფასების ან ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინარული წარმოების პროცესში, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რომ დარღვევა მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა ან დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს, იურიდიული სამსახური ან ეთიკის კომისია ატყობინებს შესაბამის ორგანოებს და გადასცემს მათ ხელთ არსებულ მასალებს. ამ შემთხვევაში დასაშვებია დისციპლინარული წარმოების მიმდინარეობს შეჩერება, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მუხლი 10. ეთიკის კომისია

10.1. ეთიკის კომისია იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული ეთიკური ღირებულებების გადაცდომის საკითხის შესწავლის, დაუშვებელი ქცევის ფაქტის დადგენის შედეგად დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისა და დამრღვევი სტუდენტის მიერ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შერჩევის მიზნით.

10.2. კომისია შედგება მინიმუმ 3 წევრისგან, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი საკითხის მრავალმხრივი შეფასების კომპეტენცია. კომისიის ერთ წევრს უნდა წარმოადგენდეს სტუდენტური ომბუცმენი, ან თუ მისი ჩართვა კონკრეტული საკითხის განხილვაში შეუძლებელია - სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დასახელებული სხვა სტუდენტი.

10.3. კომისიის წევრები ვალდებული არიან გამორიცხონ ინტერესთა კონფლიქტი როგორც დისციპლინარულ წარმოებას დაქვემდებარებული სტუდენტის მიმართ, ასევე იმ პირ(ებ)ის მიმართ, რომლის მიმართ განხორციელდა დარღვევა.

10.4. ინტერესთა კონფლიქტი განიმარტება, როგორც საკითხის შესწავლაში მონაწილე პირებს შორის ნათესაური, სოციალური, ან ეკონომიკური კავშირი, აგრეთვე, სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კომისიის წევრის მიუკერძოებლობაზე პოზიტიური თუ ნეგატიური კუთხით.

10.5. დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას ეთიკის კომისიის შემადგენლობის შესახებ, აგრეთვე შესაძლო აპელაციების მიღებასა და კომისიისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

10.6. კომისიის წევრის აცილების უფლება აქვს წარმოებაში მონაწილე ყველა მხარეს. აცილების საკითხს განიხილავს, და დაკმაყოფლების შემთხვევაში, კომისიის შესაბამისი წევრის ჩანაცვლებას ახდენს უნივერსიტეეტის რექტორი.

10.7. კომისიის წევრის აცილება შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტბით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

მუხლი 11. სტუდენტის უფლებები დისციპლინალური წარმოების პროცესში

11.1. კომისიის შექმნის შემდეგ, სტუდენტს ეგზავნება შეტყობინება კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მის მიმართ დისციპლინალური წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე, რომელშიც აღიწერება სავარაუდო გადაცდომის შინაარსი, ამ კოდექსით განსაზღვრულ კონკრეტულ დაუშვებელ ქცევაზე მითითებით, სტუდენტის უფლებები დისციპლინარული წარმოების განხორციელებისას და კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში - ზეპირი მოსმენის ჩატარების დრო.

11.2. ეთიკის კომისიის მუშაობის ეტაპებია:

  • ა) დისციპლინარული წარმოების დაწყების საკითხის გადაწყვეტა;
  • ბ) დისციპლინარული წარმოების განხორციელება;
  • გ) დისციპლინარული სახდელის შეფარდება.

11.3. დისციპლინალური წარმოების დაწყების საკითხის გადაწყვეტის პროცესში სტუდენტს უფლება აქვს:

  • ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინალური წარმოების დაწყების საკითხის გადაწყვეტის შესახებ;
  • ბ) განაცხადოს დასაბუთებული აცილება კომისიის წევრ(ებ)ის მიმართ;
  • გ) ისარგებლოს დაცვის უფლებით;
  • დ) მიაწოდოს კომისიას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
  • ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინალური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

11.4. დისციპლინალური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

  • ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინალური წარმოების დაწყების შესახებ;
  • ბ) დაესწროს დისციპლინალური წარმოების საკითხის განხილვას;
  • გ) ისარგებლოს დაცვის უფლებით;
  • დ) მიაწოდოს უნივერსიტეტს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
  • ე) მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში;

11.5. სტუდენტი უფლებამოსილია წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს და მიიღოს გონივრული ვადა, საკუთარი პოზიციის მომზადების, დაცვის უფლების გამოყენების ან/და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქმის განხილვის გადადების და პოზიციის/მტკიცებულებების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც ეთითება კომისიის ოქმში და ეცნობება დისციპლინარული წარმოების მონაწილეებს.

11.6. სტუდენტი უფლებამოსილია დაეთანხმოს ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტს. აღნიშნულ შემთხვევაში, სტუდენტის აღიარება, რომელიც გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, წარმოადგენს მისთვის უფრო მსუბუქი დისციპლინარული სახდელის შეფარდების საფუძველს.

11.7. სტუდენტი უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება და დისციპლინარული სახდელი.

მუხლი 12. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღება

12.1. თუ საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ზეპირი მოსმენის გამართვას, აგრეთვე თუ სტუდენტის მოთხოვნა საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით, არ შემუსულა, დისციპლინალური კომისია სწავლობს საქმეში არსებულ მასალებს და გადაწყვეტილება გამოაქვს ამ მასალებზე დაყრდნობით. აღნიშნულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და მტკიცებულებების შესწავლა.

12.2. იმ შემთხვევაში თუ კომისიის გადაწყვეტილებით, ან სტუდენტის მოთხოვნით, ჩანიშნულია ზეპირი მოსმენა, დისციპლინარული წარმოების ყველა მონაწილეს უნდა ეცნობოს ზეპირი მოსმენის შესახებ.

12.3. კომისიის ყველა წევრი ვალდებულია დაესწროს ზეპირ მოსმენას. სტუდენტის, დაზარალებულის ან სხვა პირის გამოუცხადებლობა, რომელიც არ არის განპირობებული კომისიისთვის წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით, არ აბრკოლებს სხდომის ჩატარებას.

12.4. ზეპირ მოსმენას ხსნის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც დამსწრე პირებს აცნობს საქმის შინაარსს, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, განუმარტავს სტუდენტს მისი უფლებებსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმებს.

12.5. კომისიის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში სიტყვა ეძლევა დაზარალებულ მხარეს, ან დისციპლინარული წარმოების აღძღვრის ინიციატორ (დარღვევის გამომვლენ) მხარეს, რომელიც წარუდგენს კომისიას თავის პოზიციას და მის გასამყარებელ მტკიცებულებებს.

12.6. დაზარალებული მხარის მიერ პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების შემთხვევაში, კომისიის ერთერთი წევრი მონაწილეებს გააცნობს საქმეში არსებულ პოზიციას. მტკიცების ტვირთი დისციპლინარულ წარმოებაში აწევს ბრალდების მხარეს.

12.7. სტუდენტი უფლებამოსილია, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უპასუხოს მეორე მხარის არგუმენტებს, გააქარწყლოს მის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები, წარმოადგინოს საკუთარი მტკიცებულებები და უპასუხოს კომისიის წევრთა შეკითხვებს.

12.8. მხარეთა გამოსვლის შემდეგ, კომისია იწყებს მტკიცებულებების შეფასებას. ყველა სადაო საკითხი თუ მტკიცებულება შეფასებული უნდა იყოს სტუდენტის სასარგებლოდ.

12.9. კომისიის წევრის სტუდენტური ომბუცმენი უზრუნველყოფს საკითხის სტუდენტის სასარგებლოდ მტკიცებულებათა შეფასების და სტუდენტის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით კომისიის წევრთა მუშაობის ფასილიტაციას.

12.10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 ქვეპუნქტები არ მოიაზრებს სტუდენტური ომბუცმენის ვალდებულებას გაითვალისწინოს სტუდენტის ინტერესები, რომლებიც ითვალისწინებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის პროცესისთვის ხელშეშლას.

12.11. კომისიის უფლებამოსილია მოიპოვოს და გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, ასევე ეთიკური ნორმების დარღვევით დაზარალებული მხარის თანხმობით, მოისმინოს სხვა პირთა (მოწმეთა) განმარტებებს, თუ საქმეში არსებული ინფორმაცია არ არის ამომწურავი. 12.12 მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების და კომისიის წევრთა კენჭისყრის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე აცხადებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებას.

12.13. სტუდენტისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების და დისციპლინური საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება გადაცდომის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა. იმ შემთხვევაში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, დისციპლინური საქმისწარმოების ვადის გაზრდა შესაძლებელია წარმოების დაწყებიდან არაუმეტეს 3 თვემდე.

მუხლი 13. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება

13.1. ეთიკის კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილებას

  • ა) ეთიკის კოდექსის დარღვევის ვერ გამოვლენისა და სტუდენტის მიმართ დისციპლინრული წარმოების შეწყვეტის შესახებ;
  • ბ) ეთიკის კოდექსის უმნიშვნელო დარღვევის გამოვლენის შესახებ, სტუდენტისთვის დისციპლინალური სახდელის დაკისრების გარეშე;
  • გ) ეთიკის კოდექსის დარღვევის გამოვლენის და სტუდენტისთვის დისციპლინარული სახდელის დაკისრების შესახებ.

13.2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ამომწურავ დასტურს სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევისა და დაუშვებელი ქცევის ჩადენის თაობაზე

13.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევა, თუმცა დარღვევის შინაარსი, ან მის შედეგად დამდგარი ზიანი უმნიშნელოა, სტუდენტი აღიარებს დარღვევის ფაქტს და გამოთქვავს მზადყოფნას არ გაიმეოროს იგი,

13.4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევა, და დარღვევის შინაარსი და მის შედეგად დამდგარი ზიანი გამართლებრულს ხდის სტუდენტის მიმართ დისციპლინარული სახდელის დაკისრებას.

13.5. კომისიის გადაწყვეტილება ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესის დარღვევაზე და დისციპლინარული გადაცდომის დაკისრების თაობაზე მიღებული უნდა იყოს ერთხმად.

13.6. კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას დისციპლინარული სახდელის დაკისრების შესახებ, კომისიის წარდგინების საფუძველზე.

13.7. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 14. კომისიის პრაქტიკა, განმარტებები და რეკომენდაციები

14.1. კომისია, საკითხის შეფასებასთან ერთად უფლებამოსილია შეიმუშავოს ამ კოდექსით განსაღვრული ეთიკური ვალდებულების განმარტებება, რომელიც ამომწურავად ადგენს ეთიკური და არაეთიკური ქცევის ფარგლებს, კონკრეტულ ეთიკურ ღირებულებებთან მიმართებაში, ასევე რეკომენდაციები ამ კოდექსით დადგენილი ეთკური ღირებულებებიდან გამომდინარე ქცევის მაგალითების შესახებ.

14.2. ეთიკის კომისიის განმარტებები და რეკომენდაციები, განზოგადოებული სახით (დამრღვევი, მონაწილე ან დაზარალებული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) შესაძლებელია მიეწოდოს საუნივერსიტეტო საზოგადოების სხვა წევრებს. გადაწყვეტილებას ეთიკის კომისიის განმარტებები და რეკომენდაციების გასაჯაროების თაობაზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.

14.3. კომისიის განზოგადებული განმარტებები და რეკომენდაციები დაერთვის ეთიკის კოდექსს.

14.4. ეთიკის თითოეული კომისია, თავის მუშაობაში ვალდებულია გაითვალისწინოს წინა კომისი(ებ)ის მიერ მსგავს საკითხებზე შემუშავებული რეკომენდაციები, ერთგვაროვანი მიდგომების განხორციელებისა და კარგი პრაქტიკების დანერგვის მიზნით.

14.5. კომისიის მიერ განმარტებებისა და რეკომედნაციების შეცვლა შესაძლებელია განახლებული, დასაბუთებული განმარტებებისა და რეკომენდაციების შემუშავებით, რომლიც მიღება ხდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურით.

მუხლი 15. სხვა ორგანოების ჩართვა გადაცდომის შესწავლაში

15.1. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არსებული მტკიცებულებები ბადებს ეჭვს, რომ სტუდენტის ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს, საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოკვლევის ინიცირებისათვის.

15.2. კომისიის თავმჯდომარე ან/და უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს კომისიის მიერ საკითხის განხილვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, ან გააგრძელოს დისციპლინარული წარმოება თუ აღნიშნული ხელს არ შეუშლის უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობას ან არ შეაფერხებს სტუდენტის კანონმდებლობითა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა რეალიზებას.

მუხლი 16. უდანაშაულობის პრეზუმფცია

16.1. სტუდენტი, რომლის მიმართ ხორციელდება დისციპლინარული პროცედურები, ითვლება დისციპლინარული სახდელის არმქონედ დისციპლინარული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

16.2. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო პროცესიდან მოწყვეტა ან სხვაგვარი უფლებრივი შეზღუდვა, დისციპლინარული წარმოების დასრულებამდე და კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

16.3. ამ მუხლიდან განსაზღვრული წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ შეზღუდვის არარსებობა საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.

მუხლი 17. კონფიდენციალობა

17.1. ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები.

17.2. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ ინახება განცალკევებულად.

თავი V. სტუდენტის დისციპლინარული პასუხისმგებლობა

მუხლი 18. დისციპლინარული სახდელები

18.1. ამ კოდექსით დადგენილი ქცევის წესების დარღვევისათვის, გათვალისწინებულია შემდეგი სახის დისციპლინარული სახდელის შეფარდება:

  • ა) შენიშვნა (მოქმედების ვადა - სახდელის შეფარდებიდან 6 თვ
  • ე);
  • ბ) გაფრთხილება (მოქმედების ვადა - სახდელის შეფარდებიდან 12 თვ
  • ე);
  • გ) სასწავლო პროცესისგან დროებით ჩამოშორება - სტუდენტის სტატუსის შეჩერება 1 ან 2 აკადემიური სემესტრის ვადით
  • დ). სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

18.2. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის ორი ან მეტი დისციპლინური ზომის დაკისრება.

18.3. თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში სტუდენტის მიმართ არ იქნება გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

18.4. დისციპლინური გადაცდომა ჩაითვლება განმეორებით ჩადენილად, როდესაც სტუდენტი დისციპლინური სახდელის შეფარდების შემდეგ კვლავ ჩაიდენს იმავე ხასიათის ან სხვა სახის დარღვევას. თუ სტუდენტი განმეორებით ჩაიდენს დისციპლინური დარღვევას ისე, რომ წინა დარღვევისათვის შეფარდებული სახდელი არ იქნება გაქარწყლებული (მოქმედების ვადა არ იქნება გასული), მისი სახდელი უნდა განისაზღვროს უფრო მკაცრი სახდელით, ხოლო უფრო მსუბუქი გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება იგივე ან უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.

18.5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, როგორც დისციპლინარული პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დარღვევის, ან დარღვევის რეციდივის შემთხვევაში, და გულისხმობს პირისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას, რის შემდგომ, სტუდენტი აღარ არის უფლებამოსილი დაასრულოს პროგრამის დარჩენილი კომპონენტი და უნდა გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მუხლი 19. დისციპლინარულ გადაცდომაზე რეაგირების დამატებითი ინსტრუმენტები

19.1. ამ კოდექსის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული დისცილინარული პასუხისმგებლობის პარალელურად, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს გადაცდომაზე რეაგირების შემდეგი დამატებითი ინსტრუმენტები:

  • ა) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული უპირატესობებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
  • ბ). უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის დადებითი დახასიათების (Good character certificate) გაცემაზე დროებით ან სამუდამოდ გაცემაზე უარის თქმა.
  • გ) სასწავლო კურსის კომპონენტის შეფასების/მთლიანი შეფასების გაუქმება;
  • დ) სასწავლო () რეგისტრაციის გაუქმება;
  • გ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

19.2. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული უპირატესობებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა გულისხმობს სტუდენტისთვის განსაზღვრული უპირატესობებით - სტიპენდიით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის უფლებით და სხვა - სარგებლობის უფლების შეზღუდვას. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს დისციპლინარული სახდელის ვადით.

19.3. უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის დადებითი დახასიათების (Good character certificate) გაცემაზე დროებით ან სამუდამოდ გაცემაზე უარის თქმა გულისხმობს სტუდენტის ან მესამე პირების მოთხოვნით სტუდენტის დახასიათების დოკუმენტის (Good character certificate) გაუცემლობას, დროებით ან სტუდენტის სწავლის პერიოდის მთელი ვადით.

19.4. სასწავლო კურსის კომპონენტის შეფასების/მთლიანი შეფასების გაუქმება გამოიყენება სასწავლო პროცესში დაუშვებელი ქცევის შემთხვევაში და დარღვევის შინარსის შესაბამისად, გულისხმობს სასწავლო კურსის იმ კომპონენტის შეფასების გაუქმებას, რომელშიც ადგილი ჰქონდა დარღვევას, ან მთლიან სასწავლო კურსში უარყოფითი შეფასების დაფიქსირებას.

19.5. სასწავლო კურს(ე

  • ბ)ზე რეგისტრაციის გაუქმება გამოიყენება სასწავლო პროცესში დაუშვებელი ქცევის შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესში დაუშვებელი ქცევა შეეხებოდა იმ სასწავლო კომპონენტებს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-4 პუნქტებს (სტუდენტის მიერ სხვისი იდენტობის გამოყენება სასწავლო პროცესში, სასწავლო პროცესში სხვისი არამალთხომიერი დახმარება და სხვ
  • ა)

19.6. მიყენებული ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ზომა, ისეთი გადაცდომისთვის, რომელმაც მატერიალური ზიანი მოუტანა უნივერსიტეტს ან სხვა პირებს.

19.7. ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 20. დასკვნითი დებულებები

20.1. წინამდებარე კოდექსის, მასში ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორი.

20.2. უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუცმენის უფებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში, სტუდენტური თვითმმართველობა უზრუნველყოფს რეკომენდაციების მოწოდებას კოდექსთან დაკავშირებით. რეკომენდაციების წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს კოდექსის მოქმედების შეჩერების საფუძველს.

20.3. უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს სტუდენტური თვითმმართველობის რეკომენდაციები მთლიანად ან ნაწილობრივ.